რუსეთის მიერ კიევში გუშინ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს რადიო „თავისუფლების“ უკრაინული ბიუროს თანამშრომელი, ჟურნალისტი ვერა გირიჩი ემსხვერპლა. ამის შესახებ უკრაინული მედია ინფორმაციას გარდაცვლილის კოლეგებზე დაყდნობით ავრცელებს.
ვერა გირიჩი რადიო თავისუფლების კიევის ბიუროში 2018 წლიდან მუშაობდა. გირიჩი საკუთარ სახლში იმყოფებოდა, როდესაც კორპუსს ჭურვი მოხვდა. ჟურნალისტის ცხედარი დილით ნანგრევებში აღმოაჩინეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ კიევს სულ მცირე ორჯერ დაარტყეს. კიევის მთავრობის ინფორმაციით, ერთი რაკეტა ოცდახუთსართულიან კორპუსს მოხვდა, შევჩენკოს რაიონში. დაიჭრა 10 ადამიანი. დღეს კიევის მერმა განაცხადა, რომ ნანგრევებიან ერთი დაღუპულის ცხედარი ამოასვენეს.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
ასევე წაიკითხეთ:
კიევის ცენტრში, რამდენიმე მძლავრი აფეთქება მოხდა